სამართალი
გიორგი მარგველაშვილის სიძეს ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური რამდენიმე ბრალდებით დამნაშავედ ცნო, იუწყება „პირველი არხი“.

მინდია გოგოჭურს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ასევე ძალადობა, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

მინდია გოგოჭური გასული წლის 19 ივლისს დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც გოგოჭურსა და სასტუმროს მობინადრეს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს გოგოჭურს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. დაშავდა ერთი ადამიანი. მან ასევე წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად მისულ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.

ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა „მაკაროვის“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით (0,648 გრ.) ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

მინდა გოგოჭურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოს მიერ გამოყენებული ამნისტიის საფუძველზე, გოგოჭურს სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.