პოლიტიკა
დღეს გაერთიანებული ოპოზიცია შემდგომ სტრატეგიაზე იმსჯელებს

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. 19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება რიყეზე ამფითეატრში, სადაც ხმამაღლა გაცხადდება სტრატეგია, რას ვაპირებთ 15 მაისს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატმა განიხილა მიმდინარე მღელვარე გაზაფხულის სტრატეგია, რომელმაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა რეჟიმის მშვიდობიანი, საარჩევნო გზით შეცვლამდე.

„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რომ დადგა დრო, მივმართოთ სახელწიფო დეპარტამენტს, ევროპის კავშირს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, რაც დააჩქარებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცივილიზებულად და სამართლიანად. 19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტ-ელიტის შეკრება რიყეზე ამფითეატრში, სადაც იქნება სტრატეგია ხმამაღლა გაცხადებული, რას ვაპირებთ 15 მაისს. ხოლო 15 მაისს მთელ საქართველოს ველოდებით რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ ამისათვის, სწორი ორგანიზაციული დაგეგმვისთვის დღეს ჩატარდა აუცილებელი ღონისძიებები. ჩვენი ნაბიჯია იგივე და იგივე, ახალი არჩევნების თარიღი, მანამდე პოლიტიკური პატიმრები გარეთ, დანარჩენი რეფორმები რაც არის გასაკეთებელი და აუცილებლად არის მათი განხორციელება საჭირო, სასამართლო იქნება საარჩევნო თუ ეკონომიკური, ამას გააკეთებს პარლამენტში მოსული მრავალპარტიული ოპოზიციური კოალიცია. იმედია, „ოცნების“ ნარჩენები ისხდებიან იქ პატარა ნარჩენებად. რეფორმები უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა მოვა ახალი პოლიტიკური ძალები, დღეს ჩვენ გვინდა პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოშვება და ახალი არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ კრიზისი განიმუხტა და დაძაბულობა გადაიზარდა უკვე აღმშენებლობით მშვიდობიან საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პოლიტპატიმრებს ციხიდან არ გამოუშვებენ, „ლეიბორისტული პარტია“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

„თუ პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნება გამოშვებული, ახალი არჩევნებიც რომც შემოგვთავაზონ, ხელს მაინც არ მოვაწერთ. მე გავიდე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ჩემი ოპოზიონერი კოლეგა, რომელმაც იაქტიურა 20 ივნისის, ანტისაოკუპაციო მიტინგზე, იჯდეს ციხეში, ეს არც მორალში ჯდება, არც პოლიტიკაში და არც იმ მომავალში, რომელსაც ერთად ვაშენებთ. ახალი არჩევნებიც რომ შემოგვთავაზონ, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას გამოშვების გარეშე, არავითარი ხელმოწერა არ იქნება. ნიკა მელიამ უნდა მოაწერეს ხელი, რომელსაც გავაფორმებთ დამარცხებულ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.