საზოგადოება
ირაკლი ალასანია ზუგდიდელ ჟურნალისტებს შეხვდა

alasa_zugdidროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ზუგდიდიდან გვატყობინებს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია განაგრძობს ზუგდიდში თემატურ შეხვედრებს. სოფლის მეურნეობის მუშაკებთან შეხვედრის შემდეგ იგი ზუგდიდელ ჟურნალისტებს შეხვდა. მესამე შეხვედრა ზუგდიდელ პედაგოგებთანაა დაგეგმილი.

 

ჟურნალისტებმა ირაკლი ალასანიას რეგიონული მედიის პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია, კერძოდ, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის, ადგილობრივი მედიის დაუფინანსებლობისა და უსახსრობის შესახებ შესჩივლეს. ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს დახმარება აღუთქვა.

„მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს იმიტომ ავიწროებს, რომ მან ავტორიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლიდან მედიას მეტი შესაძლებლობა მიეცემა, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კამპანია გაჩაღდება. თუ თქვენზე ზეწოლის შესახებ მოგვმართავთ, ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება რეაგირება და დახმარება“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. „ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების არანაირი შანსი არ არსებობდა, საქართველოში ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი ვაიძულოთ, საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ამიტომაც „რვიანის“ პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე „სახალხო კრების“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.