პოლიტიკა
დალია გრიბაუსკაიტე: „დემოკრატიული რეფორმები საქართველოს პროგრესს განაპირობებს“

gribauskaite_saakashviliსაქართველოს შემდგომ პროგრესს განაპირობებს ის, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს ქვეყანა თავის საშინაო დავალებას დემოკრატიული რეფორმების კუთხით, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.

იგი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში 3-4 მაისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

ლიტვის პრეზიდენტი 3 მაისს თბილისში თავის ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ეს უკვე მათი მეხუთე შეხვედრაა.

„ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ლიტვა უჭერდა და კვლავ დაუჭერს მხარს ქართველ ერს და სურვილი აქვს, თავისი გამოცდილება გაუზიაროს მას“, – იტყობინება გრიბაუსკაიტეს პრესსამსახური მის სიტყვებზე დაყრდნობით.

„მე, ასევე, აღვნიშნე, რომ საქართველოზეა დამოკიდებული, როგორ სწრაფად შეძლებს ის თავისი საშინაო დავალების შესრულებას პრესის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური რეფორმების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, და ეს საქართველოს მომავალ პროგრესს განაპირობებს“, – განაცხადა მან.

ლიტვის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანაც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, მიესალმა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე საქართველოს ცალმხრივ პირობას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორ პრეზიდენტს შორის „საუბრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“ და ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა იყო.

„შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.