აქტუალური
საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო, აუცილებელია, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ გადაიზარდოს მასშტაბურ ეპიდემიაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა ის კლასტერი, რაც დღეს საქართველოშია, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს ქორწილები, ქელეხი, დაბადების დღეები და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 50%-70% - „ბრიტანული“ შტამია.

მეცნიერებმა აღიარეს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე პათოგენის საწყისი ფორმა. სპეციალისტებმა COVID-19-ის შემთხვევების მიხედვით ლონდონის წამყვანი კლინიკების მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი 30-70 პროცენტით უფრო სასიკვდილოა.

გამყრელიძემ ასევე ბოლო ორ კვირაში შემთხვევების ზრდა შეაფასა. მისი თქმით, ყოველდღიურად ინფიცირების 600-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, იმატებს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთზე მეტია თითქმის 20 დღეა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი (ანუ დადებითობის მაჩვენებელი) დღეს თითქმის 3%-ს შეადგენს - ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.

გამყრელიძის შეშფოთებას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა ქვეყანაში კვლავ დაბალია.

აცრილია 19.694 ადამიანი, გუშინ აიცრა 1.497 პირი. თანდათან ოდნავ იმატებს მსურველთა რაოდენობა, 30 აპრილის ჩათვლის ჩაწერილია 17 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. აპრილ-მაისში ჩვენ გვჭირდება სულ მცირე 3-4 ათასამდე აცრა დღიურად, მაშინ როცა ბოლო ორი კვირის დღიური საშუალო არის 1.100-ის ფარგლებში.

სამწუხაროდ, აქტივობა დაბალია და მოსახლეობას ისევ ხშირი მოწოდება სჭირდება, რომ აცრის გარდა ამ ეპიდემიის დამარცხების სხვა საშუალება არ არსებობს. თუ მოზრდილი მოსახლეობის 60% ავცრით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 707-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.396-ს მიაღწია.