უცხოეთი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეშფოთების მიზეზად რჩება

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ, ოპოზიციას კი კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, საქართველო-ნატოს პარლამენტთაშორისი საბჭოს შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, ასევე რეგიონში არსებული ვითარება, ნატო-სთან თანამშრომლობა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს აქტიური წვლილი იყო.

საპარლამენტო დიალოგი გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მორიგი მცდელობის ჩაშლის შემდეგ გაიმართა, რომლის დროსაც ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერალდ კონოლიმ თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა. ჯერალდ კონოლიმ დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე.

კონოლიმ ასევე დაგმო რუსეთის განხორციელებული აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

1tv.ge