საზოგადოება
ცვლილებები და დამატებები „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში

martvis-motsmobaროგორც საქინფორმი 28 აპრილს იუწყებოდა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში 29 აპრილს შევიდოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ, 3 მაისს, პირველი მოსმენით განიხილა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების  შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები 17 წლის ასაკს მიღწეულ პირთათვის მართვის მოწმობის აღების უფლების თაობაზე.

კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება, ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვას 17 წლის ასაკს მიღწეული პირი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიენიჭება „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა. ამასთან, წესდება გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, 17 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებულ პირს ეკრძალება მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის მიღების მიზნით, ასევე, შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება.

წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს 18 წლის ასაკის მიღწევამდე პირთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას. კანონპროექტის მიღების შემდგომ მოხდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც იურიდიულ საკითხთა  კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოტრანსპორტის გაჩერებისთვის გამოყოფილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ  ავტომანქანის  პარკირება გამოიწვევს შესაბამის სანქციებს. კერძოდ, ავტოტრანსპორტი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე და აღნიშნული დარღვევა მოექცევა უკვე დადგენილ რეგულაციებში.