საზოგადოება
IRI - გამოკითხულთა 33 პროცენტი რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად არ უჭერს მხარს, 12 პროცენტი კი, მეტ-ნაკლებად

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, 33 პროცენტი ამბობს, რომ კატეგორიულად არ უჭერს მხარს რიგგარეშე არჩევნებს. 12 პროცენტი ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად მხარს არ უჭერს.

გამოკითხულთა 25 პროცენტი გადაჭრით აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას ეთანხმება, 20 პროცენტი კი ეთანხმება მეტ-ნაკლებად.

კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა ცხრა პროცენტმა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.