სამართალი
კომენტარისთვის - „აფხაზეთი საქართველოა“ აფხაზი ახალგაზრდა დაკითხეს და ბოდიში მოახდევინეს

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის მილიციამ 19 წლის ეთნიკური აფხაზი ალიონა ტანია დაკითხა და აიძულა, რომ საჯაროდ მოეხადა ბოდიში სოციალ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც იგი ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ვიდეოში მეორე გოგოც ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, ტანიას მეგობარია.

აფხაზეთის მილიციის მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში სახელწოდებით „აფხაზეთი არ არის საქართველო“, ჩანს, რომ ტანია „ყველას“ ბოდიშს უხდის ვიდეოს გამო და ამბობს, რომ „ის ძალიან წუხს“.

იგი ასევე ამბობს, რომ „მას [ეს] სთხოვეს“, თუმცა გაურკვეველია რას სთხოვეს მას – ვიდეოს ატვირთვა, თუ ბოდიშის მოხდა.

აფხაზურმა მილიციამ ტანიას მშობლებიც დაკითხა. მილიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდის მამა გმობს შვილის საქციელს და მას „არასწორს“ უწოდებს, ხოლო „სამართალდამცველი სტრუქტურის“ წარმომადგენელი ეკითხება მას, როგორ გაბედა მისმა ქალიშვილმა ასე მოქცევა. ვიდეოში მამა აცხადებს, რომ იგი 1992-1993 წლების ომში ქართული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ ბოდიშის მოხდით არ დასრულდება და რომ „წინასაგამოძიებო შემოწმება“ ყველა მონაწილის მიმართ დაიწყო.

გარდა ამისა, სოციალ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა დროს ატვირთული ფოტოებიც, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული გოგოები ჩანან, მათ შორისაა ალიონა ტანიაც. აფხაზურმა მილიციამ განაცხადა, რომ მათ ნაცნობის ფორმა გამოიყენეს, რომელიც „შსს“-ს ყოფილი თანამშრომელია. ამავე ინფორმაციით, „ინციდენტის ყველა მონაწილე და გარემოებები დადგენილია“.

აფხაზური მილიციის განცხადებით, იგი საქმეში მას შემდეგ ჩაერია, რაც ტანიას ვიდეოს შესახებ მოქალაქეების მხრიდან უამრავი შეტყობინება მიიღო.