აქტუალური
ეკონომიკის მინისტრმა სახმელეთო საზღვრების გახსნის პირობები დაასახელა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველო გახსნის სახმელეთო საზღვრებს, როგორც კი ამის საშუალებას მისცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქვეყნის სახმელეთო საზღვრები უკვე წელიწადზე მეტია დაკეტილია. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ მოხსნა ყველა შეზღუდვა რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე.

ჩვენ გავხსნით სახმელეთო საზღვრებს, როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერებას საჭიროებს.

ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური და, ზოგადად, ინვესტიციები შემოვიდეს, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ეს ერთი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოში ტურიზმის სფერო კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. 2019 წელს ტურიზმის რეკორდულმა მიღწევებმა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები აიძულა 2020 წლისთვის უფრო აქტიურად მომზადებულიყვნენ.

თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის მთელი გეგმები და იმედები დაანგრია – 2020 წელს ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი 427,7 დოლარამდე ჩამოვიდა, ხოლო საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 1,7 მილიონამდე შემცირდა.