აქტუალური
პრემიერმა „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ყველაზე მძლავრ ჰიდროელექტროსადგურზე ესოდენ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სადერივაციო (ჰიდროტექნიკური) გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო, რის გამოც „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი 1 მაისამდე გამორთულია. პრემიერი „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორშაბათს გაეცნო.

„მოგეხსენებათ, ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან 7 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ს მხრიდან მთავრობისთვის გამოყოფილი სესხი. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მაისის დასაწყისისთვის დასრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ენგურჰესს“ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.

„მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი სწორედ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავდება. აქედან გამომდინარე, „ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, – დასძინა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, დაახლოებით 50 წლის წინ „ენგურჰესის“ მშენებლობამ ხელი შეუწყო მთლიანად სამეგრელოს რეგიონის განვითარებას. ჰიდროელექტროსადგურზე მუდმივად დასაქმებულია 1,2 ათასი ადამიანი. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით კი დღეისთვის თანამშრომლების რაოდენობა 650-ით არის გაზრდილი.

სადერივაციო (ჰიდროტექნიკურ) გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით ჰიდროელექტროსადგურის ხუთივე აგრეგატი გამორთულია. სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. დასაქმებულთაგან უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს.

სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ „ენგურჰესის“ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აისახება – შედეგად წყლის დანაკარგები 30-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. იგი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.