პოლიტიკა
25-26 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52–ე რაუნდი გაიმართა - მხარეთა შეფასებები

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ჟენევის დისკუსიების 52-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში“.

ქართველმა მონაწილეებმა „ვრცლად ისაუბრეს“ მოსკოვის პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე.

„მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის „მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს“. „აღინიშნა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგები და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას“, – განაცხადა საგარეო უწყებამ. ქართველმა მონაწილეებმა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის – თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხიც დასვეს.

საუბარი გაიმართა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე. „საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე“, – აღნიშნა სამინისტრომ.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ წამოწია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი. „მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

რაც შეეხება „იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას“ ოკუპირებულ რეგიონებში, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, „მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა“.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სამხრეთ კავკასიაში მყარი და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ შეუძლებელია თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულოდ შესასრულებელი შეთანხმების ხელმოწერის გარეშე“. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნაში როგორც მოსაზღვრე ქვეყნებში, ისე მთლიანად რეგიონში“.

„ამგვარი დოკუმენტის აუცილებლობა ნაკარნახებია, მათ შორის, აშშ-ის და ნატოს გაზრდილი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობით ამიერკავკასიაში, მათ შორის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ფორსირებული ინტეგრაციის გეგმებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნეს რა, რომ მონაწილეებმა გამყოფ ხაზებზე არსებული ვითარება შეაფასეს როგორც კონტროლირებადი, მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა ხაზი გაუსვეს, რომ დაძაბულობა შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს ორ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის „საზღვრების დელიმიტაციამ“.

რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების დელეგაციებმა „თბილისის ანტი-რუსულ რიტორიკაზე“ და სოხუმის და ცხინვალის „იზოლაციის მცდელობებზეც“ გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამგვარი მიდგომა ჟენევის დისკუსიებზე „კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას აფერხებს“.

„კერძოდ, საუბარია დროებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების შესახებ იმ პოლიტიზირებულ რეზოლუციაზე, რომელსაც საქართველოს ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე“, – განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ წართმეული აქვთ უფლება, რომ ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ“.

სოხუმის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ყურადღება გამახვილდა ძალის არგამოყენების საერთაშორისო გარანტიების შესახებ ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებასა და მასზე შეთანხმებაზე“ და მათ „ტექსტის ახალი ვერსია შესთავაზეს“, რაზეც „ქართულმა მხარემ კვლავ უარი განაცხადა“.

სოხუმის მონაწილეებმა „სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს მზარდი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის“ გამო და ხაზი გაუსვეს, რომ ამას „შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოყვეს და რეგიონში დაძაბულობის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს“. აფხაზურმა მხარემ, თავის მხრივ, დაადასტურა მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაგრძელების განზრახვა.

სოხუმის თქმით, „შეხვედრის ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლებისკენ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას“.

ცხინვალის წარმომადგენლებმა ასევე გაუსვეს ხაზი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობას, რაც, მათი თქმით, თბილისის მხრიდან „ხანგრძლივ უსაფრთხოების გარანტიებს“ უზრუნველყოფდა. ცხინვალის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს თაობაზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კომუნიკე გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, „მონაწილეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, დაკავების შემთხვევები, გაუჩინარებული პირები, გადაადგილების თავისუფლება და გარკვეულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“.

განცხადების თანახმად, მონაწილეებმა უსაფრთხოების კუთხით ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს როგორც „შედარებით მშვიდი და სტაბილური“.

თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მხარეებმა „ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე“ პანდემიის ზეგავლენის შესამსუბუქებლად ერთობლივი ძალისხმევის განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „დევნილთა და ლტოლვილთა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია ვერ გაიმართა“, რადგანაც „ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრა დატოვა“.

გამოხატეს რა შეშფოთება თავისუფლების გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების წესების შემსუბუქებას, რაც მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას, მათ შორის, მოხუცებს, პენსიონერებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და უკან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

თანათავმჯდომარეები მიესალმდნენ IPRM-ის ერგნეთის შეხვედრების განახლებას და გალში ანალოგიური შეხვედრების აღდგენის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

Civil.ge