აქტუალური
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას ახდენს

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას ვახდენთ, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე, ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შეუწყოს პარტიებს უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დღეს ჩვენ ვასრულებთ მემორანდუმის ბოლო პირობასაც და ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიმართულებით. პირველი, როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. 2020 წლის არჩევნები 2024 წლისთვის დადგენილი 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის დონე.

3%-იანი ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების შედეგად, მანდატებს 6 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებდა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტში პარტიულ მრავალფეროვნებას და ამავდროულად, მაღალი ალბათობით, დატოვებდა პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას.

ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია.

ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა.

დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის 7 წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვაძლევთ შესაძლებლობას შექმნან ჯამურად 5 საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლების მოლოდინებს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე.

როგორც იცით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.