უცხოეთი
უკრაინული გამოცემა - როგორც კი უკრაინის პარლამენტმა შექმნა კომისია რკინიგზაში თანხების მიტაცების გამოსაძიებლად, მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ-გამომძიებლებზე საინფორმაციო თავდასხმას ახორციელებს

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით – „ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკას სახელმწიფო ტრანსპორტი კოლაფსი ემუქრება, რაც გამოწვეულია რკინიგზაზე გადაადგილების მოსალოდნელი შეჩერებით.

სტატიის ავტორთა ინფორმაციით, თვის ბოლომე უკრაინის რკინიგზას კომპანია Ernst & Young-ის მხრიდან ტექნიკური დე ფოლტის გამოცხადება ემუქრება, 31 მარტს კი დაგეგმილია რკინიგზის თანამშრომლების საყოველთაო გაფიცვა.

უკრაინის პარლამენტის მიერ უკრაინის რკინიგზაში ფინანსური დარღვევების გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი იულია გრიშინა აღნიშნულზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს, „უკრაინის რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ვლადიმირ ჟმაკს აკისრებს.

სტატიის მიხედვით, როგორც კი უკრაინის პარლამენტმა შექმნა კომისია რკინიგზაში თანხების მიტაცებისა და მილიარდობით ზარალის გამოსაძიებლად, ჟმაკისა და ირაკლი ეზუგბაიას „პატრონი“, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ახორციელებს საინფორმაციო თავდასხმას დეპუტატ-გამომძიებლების წინააღმდეგ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რკინიგზის სექტორში კრიტიკული სიტუაციის გამო, 30 ათასზე მეტი თანამშრომელი საარსებო სახსრების გარეშე დარჩენის რისკის წინაშეა.

გამოცემა „ობოზრევატელის“ თანახმად, უკრაინის სატრანსპორტო მონოპოლიას მთელი ძალით ფინანსურ სამარეში უბიძგებს მიხეილ სააკაშვილის გუნდი, მისი სტუდენტობის მეგობარი ვლადიმირ ჟმაკი, რომელიც ოდესაში სააკაშვილის გუბერნატორობის დროს მის მოადგილედ მუშაობდა, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია, რომელიც მთელ უკრაინაში სარკინიგზო გადაზიდვებს კურირებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვები შესაძლოა, „ექვსჯერ უფრო მომგებიანი ყოფილიყო და დაეფარა სამგზავრო გადაზიდვისგან მიყენებული კოლოსალური ზარალი, ირაკლი ეზუგბაიას ტვირთების გადაზიდვების ფასები ბაზრის ფასებთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებ დონეზე რომ არ შეეკავებინა“.

უკრაინის რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი რიაზანცევი ამბობს, რომ სახელმწიფო და კომერციულ ტარიფებს შორის 500-პროცენტიანი სხვაობა კორუფციონერთა ჯიბეში მიდის.

„ობოზრევატელი“ წერს, რომ უკრაინის რკინიგზაში ყველა კრიმინალური საქმე იგზავნება ანტიკორუფციულ ბიუროში, სადაც „ქართული გუნდის“ წევრების წინააღმდე ყველა სისხლის სამართლის წარმოების დაფარვა ხდება უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის, საქართველოს ყოფილი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის, გიზო უგლავას და ბიუროს უფროსი დეტექტივის, დენის გულმაგომედოვის მიერ.

პარტია „ხალხის მსახურის“ წევრის, დეპუტატ იულია გრიშინას განცხადებით, უკრაინის რკინიგზაში ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ ყველა მასალას დროებითი საპარლამენტო საგამოძიები კომისია გამოიძიებს.

1tv.ge