უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ გააძლიერა თანამშრომლობა ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ნატო-მ გააძლიერა თანამშრომლობა ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-მ გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და სამი ქვეყანა – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატო-ს წევრები არიან და ორი – უკრაინა და საქართველო ნატო-ს პარტნიორები არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, თუმცა ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ ამას განვაგრძობთ და ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის მხრივ.

ასევე, მივესალმებით ფაქტს, რომ უკრაინაც და საქართველოც უზრუნველყოფენ მხარდაჭერას ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში. მთავარი გზავნილი, რომელიც ასევე არის ნატო-ს 2030 სტრატეგიის ნაწილი, არის, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, კიდევ რითი გავაძლიერებთ პარტნიორობას მეზობლებთან, რადგან ჩვენს ინტერესშია, ჩვენი მეზობლები იყვნენ სტაბილური და წარმატებული. ორივე ქვეყანა – უკრაინაც და საქართველოც არიან ასპირანტი ქვეყნები ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მიერ რეფორმების განხორციელებას, რათა მათ განაგრძონ სვლა ევროატლანტიკურ გზაზე.

რუსეთისთვის საუკეთესო, მკაფიო გზავნილი ჩვენგან არის ის, რომ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად გაძლიერდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ახალი ბატალიონების განთავსებით, წვრთნების რაოდენობის გაზრდით, საქართველოსა და უკრაინის მსგავს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

1tv.ge