საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ ძალიან ხისტად მოქმედებდნენ

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლების შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჩამოწერა.

„თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად რაციონალური შეთავაზებები, თუმცა მათ წამოაყენეს ისეთი ულტიმატუმები, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და ნიშნავდა სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობას“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ „ნციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ მოლაპარაკებებზე ძალიან ხისტად მოქმედებდნენ.

„გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ძალიან ხისტად მოქმედებდა და არ მოდიოდა არავითარ კომპრომისზე. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერია და „ლელო“. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში. ყველა სხვა ავლენდა რეალურად კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ნათელაშვილს არ ვთვლი. ყველა დანარჩენი ავლენდა მზადყოფნას კომპრომისისთვის, რეალური დიალოგისთვის, თუმცა ამ სამ პოლიტიკურ პარტიას ეკავა ძალიან ხისტი პოზიცია, ეს იყო აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული პოზიცია, რამაც საბოლოო ჯამში შეუძლებელი გახადა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა“, – განუცხადა კობახიძემ „იმედის კვირას“.