პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ შეთავაზებით - თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები - ელისაშვილი

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, აღარც მახსოვს, შვიდი, რვა თუ ათი საათი ვიყავით იქ, ურთიერთობაც და საუბარიც იყო საკმაოდ კონსტრუქციული. სამწუხაროდ, შედეგია დესტრუქციული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შედეგს ვერ მიაღწიეს, რის გამოც მოლაპარაკება ჩაიშალა.

„შედეგი იყო ის, რომ შედეგი არ გვქონდა და მოლაპარაკება ჩაიშალა. ახლა ყველა ერთმანეთს აბრალებს, ვინ უფრო დამნაშავე იყო, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი. ძალიან დიდი გულისტკივილით ვიტყვი, რომ ჩაიშალა და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ შევთანხმებულიყავით, რადგან მთლიანად ევროკავშირია ჩართული და ადამიანი საგანგებო მისიით იყო ჩამოსული, ამდენი ხანი დაკარგა ჩვენთან მოლაპარაკების დროს. სამწუხაროდ, უშედეგოდ. არ მგონია, ეს არის საბოლოო და ახლა ჩვენზე ხელს ჩაიქნევენ, ზურგს შეგაქცევენ. შესაძლოა, გარკვეული ფორმით ისევ გაგრძელდეს ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ორივეს მხრიდან, მაგრამ ფაქტი არის ეს.

ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავია, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პოლიტიკური მართლმსაჯულების, ასე პირდაპირ რომ წერია, მათ შორის პროკურატურის, მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი და ხელს რომ კრავ, გადააგდებ მაგიდიდან იმ მოტივით, რომ ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი გინდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი. თითქმის ნახევარი წელი გავიდა 31 ოქტომბრის შემდეგ, ამოწურა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. როდესაც მაგიდაზე დევს ისეთი ისტორიული საკითხი, როგორიც არის სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმები, არა რაღაც ტყუილი ტალღები, არამედ რეალური რეფორმების საკითხი, და ამაზე უარს ამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა იყოს ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს არის ჩემთვის უბრალოდ აუხსნელი და გამაოგნებელი. ეს საკითხი მოლაპარაკებათა მაგიდაზე იდო და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჰქონდათ კონცენტრირებული ყურადღება ჩვენს პარტნიორებს. იქით იყო საკითხი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილების, საარჩევნო რეფორმირების საკითხი, და რაც იქ ეწერა, ყველაფერი ჩვენს კანონპროექტშია ასახული. ასევე, პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი. პოლიტპატიმრების საკითხზე იყო სურვილი, რომ ეს მოლაპარაკების მიღმა გასულიყო, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ეს ყველაფერი მიუღებელია ოპოზიციისთვის.

ჩვენთვის არის გამოსავალი საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმა. მინდა, ვთქვა, ჩაიშალა, ვხედავთ, ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში. კი ბატონო, ორნი ვართ, მაგრამ ხედავთ, რომ საარჩევნო რეფორმაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, გავალთ ბოლოში და ქვეყანა მიიღებს კარგ საარჩევნო სისტემას. მაგრამ თავს არ დავზოგავთ იმისთვის, რომ მხოლოდ იმ მოლაპარაკების მაგიდაზე კი არ ყოფილიყო პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენს მეგობარ ელჩებთან თუ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, რომ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი ამ დარბაზში უახლოეს მომავალში დადგეს, პროკურატურის და სასამართლოსი. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსატყუებლად საჭირო საკითხი ხომ არ არის, ეს ქვეყნისთვის და სახელმწიფოს განვითარებისთვისაა. თუ არ უნდა ვინმეს პოლიტიკური მართლმსაჯულება დამთავრდეს ქვეყანაში და სასამართლო სისტემის რეფორმა განხორციელდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე ხელს ავიღებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლო რეფორმის საკითხი, არა წყალწყალა ტალღების, არამედ რეალური რეფორმის საკითხი იყოს ამ დარბაზში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.