პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა კითხვით, „ბოლო დროს როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე იან კელიმაც განაცხადეს – როდესაც საუბარია, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და გავლენებს, იქვე იყო ნახსენები თქვენი სახელიც და გვარიც“.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება არ სჭირდება“.

„მე სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი და უკაცრავად, მსოფლიოში გვარები რომ დაასახელეს, ეგენი ვინ იცის და მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია, უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის. საქართველო უნდა გადავარჩინოთ, საქართველო გვყავს გადასარჩენი და საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი. მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები და ყოველთვის ასე ვიყავი მთელი ცხოვრება. ამიტომ, მივაღწიეთ იმ წარმატებებს, რომელსაც ცხოვრებაში მივაღწიეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმაც.