აქტუალური
საქართველო შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებას გეგმავს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველო ბულგარეთთან, რუმინეთთან და უკრაინასთან საზღვაო მიმოსვლის განვითარებას აპირებს და ამაში მას ევროკავშირი დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც ბრიუსელში საბჭოს მეექვსე სხდომაში მონაწილეობდა.

„ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. პირველ რიგში ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტად განვავითაროთ შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, საუბარია საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დინამიკურად განვითარებადი ვაჭრობის ფონზე.

„ევროკავშირი არის ნომერ პირველი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში“, – აღნიშნა თურნავამ.

მან ასევე განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე აღინიშნა ის მაღალი პროგრესი, რასაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაში მიაღწია.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.