სამართალი
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. 16 მარტს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმა, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი, პანდემიის შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღება, ასევე ოკუპირებული რეგიონებისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს დელეგაციას კი – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ასოცირების საბჭოს წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის „მნიშვნელოვან მომენტში“, იმ ფონზე იმართება, როდესაც „შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საერთო ენა უნდა გამონახოს“.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომენტში, როდესაც საქართველო კორონავირუსის პანდემიას უნდა გაუმკლავდეს და მნიშვნელოვანი რეფორმებით, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემებში, წინ წაიწიოს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ მან ევროკავშირის მედიაციის საკითხიც განიხილა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიშვილი „მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის და იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც“.

„ნება მომეცით, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოსავლის მოძებნაში მმართველ პარტიას და ხელისუფლებას აკისრია“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ ბოიკოტი დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს ხელს არ უწყობს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „საქართველოს მზადყოფნა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს როგორც ძლიერი, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი“. „საქართველო დემოკრატიის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს არასტაბილურ გეოპოლიტიკურ რეგიონში“, – განაცხადა მან.