უცხოეთი
ევროპის საბჭო საქართველოს მერაბიშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს უწუნებს

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მიერ გამოძიების არასათანადო „გულმოდგინებით, საფუძვლიანად და სწრაფად“ წარმართვის გამო.

საქმე ეხება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას 2013 წელს, რაზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), მე–5 მუხლის 1–ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა 9-11 მარტის შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადეს, რომ იმისათვის, რათა გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ამ დარღვევებზეა პასუხისმგებელი, საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „შეფერხების გარეშე“ წარმართოს გამოძიება და საკუთარი დასკვნების „სარწმუნო“ დასაბუთება უზრუნველყოს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) 2017 წელს დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით ის სხვა საქმეების თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეს.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში თანხის მითვისება–გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2014 წელს მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მერაბიშვილმა საპატიმრო 2020 წლის თებერვალში დატოვა.

civil.ge