აქტუალური
ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ნატო-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ხუთი ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და ნატო-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ნატო-ს მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ნატო-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოსა (NSPA) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს.

JTEC-ს ჯამში 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა JTEC-ის უზრუნველყოფასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. სატრანსპორტო საშუალებები თითოეულ ჯარისკაცს მოემსახურება და გაზრდის JTEC-ის ეფექტურობას და შესაძლებლობებს“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი JTEC-ში.