აქტუალური
საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა გაჩნდა

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ჩამოაყალიბა.

7 მარტს ელენე ხოშტარიამ YouTube-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა ახალი მოძრაობის ძირითად მიზნებზე – უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია მარტის ბოლოს იგეგმება.

„დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რაც ხდება და ამას არ შევეგუებით. მე ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს... მე ვამხელ ყველანაირ უსამართლობას და არ შევეგუები მას. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, უსამართლობისგან დაიცვათ თქვენი ოჯახი, თქვენი სოფლის, ქალაქის, რაიონის მოსახლეობა. თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არც ერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ რიგები დატოვა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ.

40 წლის ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში ახალი თაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. იგი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. 2019 წლის ზაფხულში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოითხოვა პარლამენტის დარბაზიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევება.

იგი სხდომებზე ჩნდებოდა სასტვენით და მაისურით წარწერით „სირცხვილია“ – პოლიტიკოსი ამ ფორმით გამოხატავდა პროტესტს „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენასთან დაკავშირებით.

ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, ასევე იყო ამავე პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.

Sputnik-Georgia