სამართალი
საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების გამო აგორდა ახალი სკანდალი, რომელმაც პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

ოპოზიციურმა ტელეარხმა ТV Pirveli-მ შაბათს დილით გამოუშვა შემაჯამებელი გადაცემის ანონსი, სადაც საუბარია სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებაზე. ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ ჩანაწერში ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.

აუდიოჩანაწერში ხმების ავთენტურობა უკვე დაადასტურა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ, მაგრამ, მისი თქმით, ჩანაწერი ჯერ კიდევ 2011 წელს არის გაკეთებული.

„აუდიოჩანაწერი 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს.

„სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი პარტიის სხვა ლიდერი, სოზარ სუბარი ტელეარხის მიერ სიუჟეტის გამოქვეყნების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა.

„სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგმო აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და მოპოვება და აღნიშნა, რომ საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს მსგავსი ფაქტების დროულ და ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ.

ამასთან სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებისა და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურების შემდეგ შესაძლებელია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს.

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება ოპოზიციაშიც დაგმეს.

„ფარული ჩანაწერების ფორმით პოლიტიკის წარმოება ვერ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ამ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. ჩვენ გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი პოლიტიკაში და „ლელო“ ყოველთვის, რაც დავფუძნდით, ვემხრობით და ვნერგავთ ახალ ეთიკურ სტანდარტს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ.

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას მავნებელს უწოდებს ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

„პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის“, - განაცხადა ბოკერიამ.

Sputnik-Georgia