აქტუალური
„კარტოგრაფების საქმის" ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სახლი გაჩხრიკეს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის საქმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი მანჯგალაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჩხრეკის ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველას „მთავარმა არხმა" გაავრცელა.

გიორგი მანჯგალაძე სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა 2006-2007 წლებში. „კარტოგრაფების საქმის" ფარგლებში ის პროკურატურაში გამოკითხვაზე სამჯერ იმყოფებოდა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება მათ ქვეყნის საზიანოდ ტერიტორიის გასხვისების მცდელობას ედავება.

მელაშვილსა და ილიჩოვას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა 28 იანვარს გირაოთი შეუცვალა და ორივე მათგანს თავისუფლების სანაცვლოდ 20 000-20 000 ლარის გადახდა დაავალა. გამოძიება ამ საქმეზე კვლავ გრძელდება იმ პირების მოსაძებნად, ვის დავალებასაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები წინა ხელისუფლების დროს ასრულებდნენ.

რადიო თავისუფლება