აქტუალური
სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

სუს-ში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თანამდებობაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა. იგი უწყებაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადავიდა, სადაც 2017 წლიდან გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა.

მანამდე, 26 თებერვალს, პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომიდან ერთ კვირაში, თანამდებობიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა გადადგა. ორი დღით ადრე, კი – 24 თებერვალს პოსტი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ დატოვა.