უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ამის შესახებ მან ერევანში, თავისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ის ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით მივიღოთ ახალი, ან რეფორმირებული კონსტიტუცია. ვუშვებ, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ამის გაკეთება აუცილებელია პრეზიდენტთან, პარლამენტთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად.

გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. პრემიერის თქმით, კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვენ სომხეთის მცხოვრებლები.

„მინდა, რომ ხალხმა მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გამოიტანს გადაწყვეტილებას გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის გადაყენების შესახებ.

interpressnews.ge