პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც 28 თებერვლიდან 2 მარტამდე თბილისს სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი იმისათვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველა დივიდენდი მიიღოს. მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა აიღოს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ ისაუბრეს, რომ ევროკავშირს მეტი სტაბილურობა, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება სჭირდება საქართველოს მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ვითარება შეიცვალა. საჭიროა, რომ საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე ხორციელდება, რაც ევროკავშირის „დიდ შეშფოთებას“ იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა სიტუაციის დეესკალაცია მოახდინონ და საერთო ენა გამონახონ“, – განაცხადა მან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, იმ რეგიონში, რომელიც, ვიცით, რომ რთულია“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ევროკავშირი მოელის, რომ საქართველო განაგრძობს რეფორმებს, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემდეგ, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ვიზიტი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ჩვენი რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განვიხილეთ რიგი საკითხები, მათ შორის, ოკუპაცია და გლობალური პანდემია“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც თბილისში კიშინიოვიდან 28 თებერვალს ჩამოვიდა, გუშინ პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. 2 მარტს იგი თბილისიდან კიევში გაემგზავრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ გაღრმავებული კრიზისის ფონზე მას შემდეგ იმართება, რაც პოლიციამ 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.