უცხოეთი
მედიის ცნობით, აშშ-ში „კოვიდ 19“-ით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ქვეყანამ პირველ და მეორე მსოფლიო ომში, ასევე ვიეტნამის ომში ერთად დაკარგა

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი.აშშ-ში „კოვიდ 19“-ით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ქვეყანამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე ვიეტნამის ომში ერთად დაკარგა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში ვირუსმა არაპროპორციულად გამოიწვია მსხვერპლის დიდი რაოდენობა მოხუცთა თავშესაფრებში და სხვა გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ინფექციები ადვილად ვრცელდება.

მსგავს დაწესებულებებში 163 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის მესამედია. გასული კვირის განმავლობაში, ნიუ ჰემფშირში, „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების 73 პროცენტი დაკავშირებული იყო მოხუცთა სახლებთან. მინესოტაში კი ეს 62 პროცენტი იყო. კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით მომაკვდინებელი იყო 65 წელს ასაკის ზემოთ ამერიკელებისთვის, რაც საერთო მსხვერპლის 81 პროცენტს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კორონავირუსით გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. აშშ „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა და ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება 28 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 498 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.

1tv.ge