სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - მელიასთვის პატიმრობის შეფარდება გამართლებულია

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს უმაღლესი იუსტიციის საბჭომ 19 თებერვალს განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გამართლებულია.

საბჭოს თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლეოდა გარდა იმისა, რომ გირაო პატიმრობით შეცვლილიყო, ვინაიდან მელიამ უარი თქვა გაზრდილი გირაოს გადახდაზე, რომელიც მას გასულ წელს ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის საჯაროდ მოხსნის შემდეგ დაეკისრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსაც გამოექომაგა, რომელიც „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში“ სავარაუდო მონაწილეობის გამო ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გახდა. საბჭომ განაცხადა, რომ მოსამართლის მიმართ „შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდებები“ გამოითქვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, რომ თავი შეიკავოს ნიკა მელიას დაკავებისგან, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს „კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას“. 18 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ უკანასკნელის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა.

Civil.ge