უცხოეთი
ევროპის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა, აშშ-მა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან 586 მილიარდ ევროს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 555 მილიარდ ევროს შეადგენდა.

როგორც „ევროსტატი“ იუწყება, პანდემიის მიეუხედვად, 2020 წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა კვლავ გაიზარდა. ამასთან, ევროპული ექსპორტი ჩინეთში 2,2 პროცენტით გაიზარდა და 202,5 მილიადრი ევრო შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან განხორციელებული იმპორტი 5,6 პროცენტით გაიზარდა და 383.5 მილიარდი ევრო გახდა.

რაც შეეხება ევროკავშირიდან აშშ-ში განხორციელებულ ექსპორტს, 2020 წელს ის 8,2 პროცენტით შემცირდა და 353 მილიარდი ევრო შეადგინა. 13,2 პროცენტით შემცირდა ამერიკიდან ევროპაში განხორციელებული იმპორტიც და 202 მილიარდი ევრო შეადგინა.

„ევროსტატი“ აღნიშნავს, რომ კორონავიურსის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკა გაცილებით სწრაფად ახერხებს აღდგენას, ვიდრე ამერიკული.

ევროკავშირის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების სიაში მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, მეოთხე შვეიცარია, ხოლო მეხუთე რუსეთია.

1tv.ge