უცხოეთი
ირანი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ქვეყანაში გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეზღუდავს

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ირანის მთავრობას სხვა არჩევანი აღარ ექნება, გარდა იმისა, რომ შემდეგი კვირიდან ბირთვული ინსპექტირება შეზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სხვა მხარეები არ ითანამშრომლებენ მასთან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მთავრობა კანონით ვალდებულია, შეაჩეროს „დამატებითი ოქმის“ განხორციელება, რაც გაეროს საერთაშორისო ატომურ სააგენტოს უფრო მეტი ინსპექტირების უფლებამოსილებას ანიჭებს, იმ შემთხვევაში, თუკი ირანის ნავთობისა და საბანკო სექტორებზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები 21 თებერვლამდე არ გაუქმდება.

”ყველა ეს ზომა ადვილად შეიცვლება იმ პირობით, თუ სხვა მხარეები დაუბრუნდებიან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას”, - განაცხადა საიდ ხატიბზადემ.

შეგახსენებთ, ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, ურანის 20% -მდე გამდიდრება განაახლოს და ასევე შეაჩეროს გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

interpressnews.ge