აქტუალური
გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე ის აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს.

ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.

დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ, მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი გენერლურ მდივნად. აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად, – განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება მის სამომავლო საქმიანობას, უგულავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში რჩება და მონაწილეობას მიიღებს საერთო ოპოზიციურ აქტივობებში.

აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება მაქვს. ჩემს თავს ვხედავ სწორედ საერთო ოპოზიციური პლატფორმაში, ამ ყველაფრის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, წყლის დასხმაში, მის კულტივაციაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში, რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში. ამიტომ ეს არის ის საქმე, რასაც მე ნოემბრიდან მოყოლებული ჩემი დროის 80 პროცენტს ვუთმობ. ამიტომ ვფიქრობ, სხვა პარტიების კოლეგების მხარდაჭერით, ამ საქმეს ჩვენ ერთად შევძლებთ.

მერაბ კოსტავას სიტყვების ციტირებას გავაკეთებ: „საზოგადოებას აინტერესებს, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, მე სად ვიქნები ამ ეროვნულ მოძრაობაში“.

არ მგონია, დღეს პრიორიტეტული იყოს რომელიმე პარტიის თემა, დღეს პრიორიტეტულია იქნება თუ არა ოპოზიციის ერთობა, რა გეგმას დადებს ეს ერთობა, რა პოზიციები ექნება თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბოიკოტი, – განაცხადა უგულავამ.