უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა, 2022 წლის დასაწყისამდე, მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას გეგმავს

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა 2021 წლის განმავლობასა და 2022 წლის დასაწყისში მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას გეგმავს

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, კოვიდ 19-თან ბრძოლაში პრიორიტეტი ვაქცინაციას და მის გეგმას ენიჭება.

„მისი მთავარი ამოცანაა, 2021 წლის განმავლობასა და 2022 წლის დასაწყისში უკრაინის მოსახლეობის ნახევარი დაფაროს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2020 წლის 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღებას ითვალისწინებს,

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა COVAX-ის სქემის ფარგლებში Pfizer/BionTech-ის ვაქცინას მიიღებს და 117 000 დოზის მიწოდებაზე დასტური უკვე არსებობს. თებერვლის შუა რიცხვებიდან 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე კი ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის 2.2 -3.7 მილიონ დოზას შეიტანენ. 5 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო თანხმობა AstraZeneca და Novavax– ის მიერ წარმოებული ვაქცინების 12 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

interpressnews.ge