აქტუალური
პარლამენტში კულტურის კომიტეტი შეიქმნება

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც ორ ნაწილად გაიყოფა.

განხილვისთვის მზად არის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პარლამენტში არსებულ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, კულტურა გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება. ცვლილებების პროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ხოლო ინიციატორი თავად ფრაქცია.

კულტურის, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს, წარმომადგენელთა ინტერესების მეტად წარმოჩენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ხელშესაწყობად, ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ უფრო წარმატებით შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ასევე კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, მიზანშეწონილია ცალკე გამოიყოს კულტურის კომიტეტი“, - განმარტავს პროექტის ავტორი.

ამ დროისთვის პარლამენტში 15 კომიტეტი ფუნქციონირებს. მათ შორის არის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტი.