უცხოეთი
რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 2021 წლის პირველი თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, თუ ის წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

„სახმელეთო გზით კი საქართველოში შემოსვლა [გარკვეული გამონაკლისის გარდა] არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია“, – გვითხრეს საქართველოს სამთავრობო ცხელ ხაზზე – „გამონაკლისია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, უცხოელი ბიზნესმენი, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი ან უცხოელი, რომელიც ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქესთან და სხვა. მხოლოდ ამ კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ უფლება შემოვიდნენ სახმელეთო გზით საქართველოში, ისიც იმ რეგულაციების დაცვით, რაც ქვეყანაში მოქმედებს]“.

2020 წელს, პანდემიის პერიოდში, სახმელეთო გზით [საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგიდან“] საქართველოში რუსეთის 78 365 მოქალაქე შემოვიდა. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებია [მარტი-დეკემბერი].

მაგალითად, 2020 წლის მარტში „ყაზბეგიდან“ რუსეთის 32 788 მოქალაქე შემოვიდა, აპრილში – 3 496, დეკემბერში კი – 6 190.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო დეპარტამენტის განმარტებით, ეს რუსეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც არიან ან საერთაშორისო [სატრანზიტო] გადაზიდვების მძღოლები, ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ან რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.

2020 წლის იანვარ-თებერვალში კი [ანუ პანდემიის გამო შეზღუდვების შემოღებამდე], იგივე „ყაზბეგიდან“ საქართველოში რუსეთის ორჯერ მეტი – 151 715 მოქალაქე შემოვიდა.

batumelebi.netgazeti.ge