უცხოეთი
თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტების შემთხვევები დადასტურდა

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის (შემთხვევების რაოდენობა) 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა. გავაგრძელებთ ბრძოლას კომპრომისზე წასვლის გარეშე, ”- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების თავიდან აცილების მიზნით, თურქეთმა იანვრის ბოლოს ბრაზილიიდან, დანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენები შეწყვიტა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 8 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 117 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდ 19-ის 2.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 26 000-ს აჭარბებს.

თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ის ვაქცინის გამოყენებით მიმდინარეობს. ვაქცინის პირველი დოზა დაახლოებით 2.4 მილიონმა მოქალაქემ უკვე მიიღო.

interpressnews.ge