საზოგადოება
გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა საქართველოში საელჩოს გახსნის საკითხი განიხილეს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„აღინიშნა, რომ მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. უკვე დასრულებულია შესაბამისი მიზანშეწონილობის კვლევა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, უახლოეს მომავალში შედგება“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.