უცხოეთი
სერგეი ლავროვი - ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ისტერიამ პიკს მიაღწია

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით მოვლენები დასავლეთში ცალმხრივად შუქდება და „ისტერიამ პიკს მიაღწია“.

„რაც შეეხება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, არა მხოლოდ ნავალნისთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, რაც არ უნდა ხდებოდეს, დასავლეთში შუქდება საკმაოდ სპეციფიკურად, ვიტყოდი, ცალმხრივად. ისტერიამ, რომელიც ნავალნის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, ნამდვილად პიკს მიაღწია. აბსოლუტურად მალავენ საზოგადოებისგან, რომ კანონები, რომლებიც არსებობს დასავლეთში დემონსტრაციების, მიტინგების და ყველანაირი საპროტესტო გამოსვლების შესახებ, ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერნციაზე და აქვე აღნიშნა, რომ დასავლეთში პოლიცია უფრო სასტიკად უმკლავდება უკანონო აქციების მონაწილეებს, ვიდრე რუსი სამართალდამცველები.

ლავროვის ინფორმაციით, მათ სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადეს, სადაც ნაჩვენებია ის განსხვავებული მიდგომები, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს უკანონო აქციებზე რეაგირებისას აქვთ.

ლავროვის თქმით, ეს ვიდეო გადაეცა დელეგაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდეს ხელმძღვანელობით. ასევე, მასალა გაუგზავნეს ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს, რათა „მოემზადოს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტისთვის“.

interpressnews.ge