აქტუალური
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის განვითარებაში ეხმარება

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს მთავრობას კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შესაკავებლად ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განვითარებაში ეხმარება.

აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით სამინისტრომ შეძლო სწრაფად მოეხდინა ექსპერტების მობილიზება და განევითარებინა სრულყოფილი გეგმა, რომელიც დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში 2021 წლის ბოლომდე საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციით უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ 21 იანვარს დამტკიცებული გეგმით შესაძლებელი გახდება ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის წარმატებული შემოტანა, ვაქცინაციის განხორციელება და ზედამხედველობა, მას შემდეგ, რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. გეგმა მოიცავს ვაქცინაციის სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ასპექტებს, ცივ ჯაჭვსა და ლოგისტიკურ მოთხოვნებს და განხორციელების პროცესში მოსახლეობის მიზნობრივი პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევის პრინციპებს. ADB-მ ფუნდამენტური როლი შეასრულა გეგმის განვითარებაში კოორდინირებული მოქმედებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და განვითარების სხვა პარტნიორებთან ერთად.

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მნიშვნელოვანი პირობაა კორონავირუსის ვაქცინაზე საქართველოს ხელმისაწვდომობისთვის და ვაქცინაციის შეუფერხებელი, წარმატებული განხორციელება“ – განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

„გეგმის წყალობით საქართველო „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სიკვდილიანობისგან მოსახლეობის დაცვას და ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებს. ADB-ის აღნიშნული პროექტი განავრცობს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც საქართველოს დაეხმარა „კოვიდ-19“-ით მიყენებული ზიანის შესამცირებლად.

გასული წლის დეკემბერში ADB-მა პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგისა და მომსახურების მისაწოდებლად 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის დაფინანსებით, ასევე იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით.

გასული წლის მაისსა და ოქტომბერში, დაავადების გავრცელების შესაკავებლად, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, ასევე საქართველოს საჯარო ფინანსური მართვისა და სოციალური დაცვის სისტემების გასაძლიერებლად ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარისა და 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხები დაამტკიცა.

გასული წლის აგვისტოში ADB-მ ასევე გამოყო გრანტი „პისიარ“ ტესტის დანადგარის შესაძენად რათა გაუმჯობესდეს ვირუსის ტესტირება, აღმოჩენა და გავრცელების შეკავება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.