პოლიტიკა
საქართველოს რეფორმირებული საარჩევნო სისტემის ძირითადი დებულებები

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. პარტია მოაქალაქეების დეპუტატებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა 29 იანვარს განაცხადეს, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმების შემდეგ, ბოიკოტს წყვეტენ და საკანონმდებლო საქმიანობაში ერთვებიან.

მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის სრული ტექსტი გაავრცელა. „სამოქალაქო საქართველო“ შეთანხმების ძირითად პუნქტებს გთავაზობთ:

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5%-ზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის ბარიერი იქნება 2.5%, ხოლო სხვა საკრებულოების არჩევნებისთვის – არაუმეტეს 3.2%-ისა [საარჩევნო ბარიერის დაწევას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამ მომენტისთვის კი – პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია];

საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ბარიერის შესაბამისად. მიმდინარე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციის შექმნის უფლება მიენიჭება არანაკლებ 4 პარლამენტის წევრს;

თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ადგილობრივ თავისებურებათა შესაბამისად, იმგვარად, რომ თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იყოს არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ;

განხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად: ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის იმ კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, რომლებსაც დამოუკიდებელი არასამთავრობო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია შეარჩევს. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკოში; საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრით. საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით (6 წევრი პლუს თითო რეგისტრატორი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე). საოლქო და საუბნო კომისიებში თითო წარმომადგენლის უფლება ექნება ყველა იმ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და დეპუტატის მანდატით სარგებლობს;

პარტიებს ექნებათ უფლება, ჩაანაცვლონ საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, გარდა არჩევნების დღისა;

საარჩევნო კომისიიდან პარტიის წარმომადგენლის გაძევება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი კომისიის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილებით;

ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება და აღსრულდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. საჯარო მოსამსახურეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს/აღმზრდელებს აეკრძალებათ სამუშაო საათებში პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიკრძალება საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით;

კანონით აიკრძალება მოქალაქეთა შეკრება და დაყოვნება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვა. დადგინდება მკაცრი სანქციები აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენთა წინააღმდეგ;

არჩევნებისათვის დაინერგება ახალი ტექნოლოგიები: დაინერგება ხმის მიცემა ელექტრონული აპარატის მეშვეობით. უბნებზე ხმის მიცემის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად წაკითხვადი ფორმით; ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება თითის ანაბეჭდით; საჭიროებისამებრ, საარჩევნო უბნები ვიდეოკამერებით აღიჭურვება და საარჩევნო პროცესები პირდაპირ ეთერში გადაიცემა გადაცემა; საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანის გამოსარიცხად, ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენებზე შტრიხკოდები (RFID-სტიკერები) განთავსდება. ბიულეტენის გატანა დაისჯება სისხლის სამართლის წესით;

ხმის მიცემა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ახალი ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით. მოქალაქეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ახალ ID-ბარათს, იგი უფასოდ გაიცემა;

აიკრძალება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღება;

კანონმდებლობაში გაიწერება გარანტიები, რათა ნებისმიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უბნების სულ მცირე 10%-ის გადათვლა;

განიხილება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაფართოების მექანიზმები;

ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები. ცესკოსთან შეიქმნება სპეციალური კომისია დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც დააკვირდება დავების განხილვის პროცესს და რეკომენდაციებს წარუდგენს ცესკოს.

მემორანდუმის თანახმად, საარჩევნო რეფორმისთვის საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტებს პარლამენტი 2021 წლის მაისამდე მიიღებს.