აქტუალური
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ორი სატვირთო მატარებელი თურქეთიდან რუსეთში და ჩინეთში გაემგზავრა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი 29 იანვარს ანკარიდან რუსეთში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ანკარაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა. თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი ანკარის სადგურიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გავიდა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემადგენლობა 4.65 ათას კილომეტრს რვა დღეში გაივლის.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით, ანკარიდან კიდევ ერთი სატვირთო მატარებელი ჩინეთის მიმართულებით გაემგზავრება, რომელიც ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას გადაკვეთს, 8 693 კილომეტრის გავლის შემდეგ კი ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს.