აქტუალური
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის განწყობაა, რომ ოპოზიციონერებს მანდატები შეუწყდეთ

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისუფალ კენჭისყრაზე საუბარი არ მიმდინარეობს და გუნდური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კენჭისყრის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, თუმცა, ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.

„როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ (ოპოზიციაში), თუ ნერვიულობენ გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, შეგვიძლია დავეჯითებით ვთქვათ, რომ ჯერ სხვა გადაწყვეტილების შესახებ თქვენთვისაც არაფერია ცნობილი და ჩვენთანაც ასეა. კიდევ ერთი სხდომა იქნება, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა - განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ, რადგან მყარი არგუმენტია, რომ მათ ეს სურთ და მათი ნების საწინააღმდეგოდ ცოტა რთულია ვიმოქმედოთ.

რაც შეეხება თავისუფალ კენჭისყრას, ასეთი წინადადება ჯერ არ დამდგარა უმრავლესობაში, თუმცა, იყო აზრი, რომელიც ერთი წამით გახმოვანდა თავისუფალ კენჭისყრაზე, მაგრამ ამის აუცილებლობაზე არავინ განაცხადა თანხმობა, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ გუნდური ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ერთი სხდომა დარჩენილია კენჭისყრის წინ და რაიმეს შეცვლის გარანტიას ნამდვილად ვერ მივცემ ვერავის",- განაცხადა მდინარაძემ.