სამართალი
ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „პოლიტიზებულს“ უწოდებს

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის „ლიდერმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „პოლიტიზებული“ და „ცალმხრივი“ დოკუმენტია, რომელიც „ნაკლებად ასახავს რეალურ მოვლენებსა და ფაქტებს“.

22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბიბილოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „აგრესორის [საქართველოს] მსხვერპლად წარმოჩენაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ქართული მხარის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს დაეყრდნო და მხედველობაში არ მიიღო ტალიავინის კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ.

ცხინვალის ლიდერმა სტრასბურგის სასამართოლო „მიამიტობისა და შერჩევითობის“ გამო გააკრიტიკა და განაჩენს დასავლეთის „ანტირუსული პოლიტიკური კურსის“ პროდუქტი უწოდა.

„სახელმწიფო პროპაგანდის“ გამო მან თბილისიც გააკრიტიკა, რომელიც ევროპულ ინსტიტუტებს „თავს საკუთარ ტყუილებს ახვევს“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის, მათ შორის სიცოცხლის უფლების და წამების აკრძალვის შესახებ მუხლების დარღვევაზე აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, „რუსეთის ძალების მნიშვნელოვანმა კონცენტრაციამ და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციაზე მიანიშნა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა“.