სამართალი
უცნობების ჯგუფმა თბილისში რფ–ის შენობასთან ნავალნის მხარდასაჭერი აქცია გამართა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ალექსეი ნავალნის დაკავება გააპროტესტეს და რუსეთის ქალაქებში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, კრემლმა ნავალნი პოლიტიკური ნიშნით დააკავა და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ასევე გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაცია.

„აქ ვარ რუსეთში ჩემი მეგობრების მხარდასაჭერად და მათთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. რუსეთში პოლიტიკაში ვიყავი ჩართული. ბევრჯერ გამჩხრიკა პოლიციამ. იყო ზეწოლაც სამართალდამცავების მხრიდან. ახლა საქართველოში ვცხოვრობ და აქედან ვცდილობ მეგობრების დახმარებას. ვხედავ, რომ კრემლი და პუტინი საქართველოს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს ემუქრება. დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტპატიმრებს, მათ ვისაც რუსეთში სცემენ და აკავებენ. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი თავისუფალი იყოს პუტინისგან, კრემლისგან და დიქტატურისგან“, – განაცხადა აქციის მონაწილე ნიკოლაი ლიოშასმა.