სამართალი
თეა წულუკიანმა პრაქტიკულად გამოაცხადა ბრძოლა სახალხო დამცველის წინააღმდეგ - ნინო ლომჯარია

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ანგარიშის გამოქვეყნებას სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონობა მოჰყვა იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციისa და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ფაქტს საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს.

„პენიტენციური სამსახურის მხრიდან ეს მხარდაჭერა მათ შორის საჯარო ქმედებებითაც გამოიხატება, თუნდაც იმ რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გავახმაურეთ, ნახავდით, როგორი რეაგირება ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს ჩვენს ამ განცხადებებზე. საჯარო განცხადებებით იცავდა აღნიშნულ პატიმართა ჯგუფს და ცდილობდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციას. ვფიქრობ, ეს განცხადებები საჯარო წახალისება და აღიარებაა მათი მხარდაჭერის, ამ კრიმინალური იერარქიული სუბკულტურის მართვის მოდელისა, რაც საკუთარ ციხეებში აქვთ.

გარდა ამისა, ადგილზე ეს არის საგრძნობი. ადმინისტრაცია არასოდეს ერევა, როდესაც პატიმართა კონკრეტული ჯგუფი საფრთხეს უქმნის ჩემს წარმომადგენელებს და არ აძლევენ საშუალებას, რომ გაესაუბრონ დაწესებულების ექიმებს და პატიმრებს, რათა მათგან მოვისმინოთ მათი პრობლემების შესახებ.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს. ანუ, პენიტენციური სამსახური მათი მართვის და გავლენის ქვეშ მყოფ კრიმინალებს უპირისპირებს ადამიანის უფლებების დამცველებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. ეს არის აღმაშფოთებელი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანი ერთ-ერთი წამქეზებელია.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიწყო ზუსტად შარშან ამ დროს, როდესაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა იმ ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ჩვენ ამ ძალიან მავნე პრაქტიკაზე ვსაუბრობდით, იმის ნაცვლად, რომ არგუმენტირებული პასუხები გაეცა, იმის გამო, რომ მას ამ ბრალდებებზე არგუმენტირებული პასუხები არ ჰქონდა, კანონდარღვევები ჩაიდინა. მას შემდეგ საჯაროდ არაერთგზის დასხმია თავს სახალხო დამცველს და ამ ინსტიტუტს, როგორც თავად ქალბატონი ყოფილი მინისტრი, ასევე პენიტენციური სამსახური თავისი ოფიციალური განცხადებებით. მე არ ვამბობ, რომ ეს სისტემა მან შექმნა. მას ეს სისტემა ნამდვილად დახვდა და ქალბატონი ყოფილი მინისტრის შექმნილი არ არის. მაგრამ პირველად იყო, როდესაც საჯარო განცხადებებით, ნაცვლად იმისა, რომ უარეყო ან მსგავსი პრაქტიკა დაეგმო, სახალხო დამცველი დაადანაშაულა და პრაქტიკულად გამოაცხადა ბრძოლა სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ამის გაგრძელებაა ის, რომ ადგილზე ციხის ადმინისტრაციები თავადაც აქეზებენ, რადგან ეს მესიჯები მოდის უფრო ზემოდან. თავადაც აქეზებენ ამ პატიმრებს, რათა ხელი შეგვიშალონ, გადმოვიდნენ მუქარაზე, აგრესიაზე, შექმნან საფრთხის შემქმნელი გარემო და ჩვენი წარმომადგენლები ციხის ტერიტორიებზე დააშინონ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.