უცხოეთი
აშშ-მა სანქციები ერთ გემს - მილგამყვან „ფორტუნას“ დაუწესა

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართული მილგამყვანი გემი „ფორტუნას“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ახალი პორცია აშშ-ის მხრიდან 19 იანვარს ამოქმედდა. ამჯერად ამკრძალავი ზომები პროექტში მონაწილე რუსულ მილგამყვან გემს შეეხება.

გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები სამწუხაროა, იუწყება РИА Новости.

„მწუხარებით მივიღეთ ეს ცნობად“, - ციტირებს გერმანული სააგენტო dpa გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს.

სააგენტო ასევე იუწყება, რომ 18 იანვარს ბერლინში აშშ-ის საელჩომ გერმანიის მთავრობას აცნობა შემზღუდავი ზომების შემოღების გეგმების შესახებ.

ორშაბათს გერმანული გაზეთი Handelsblatt წერდა, რომ სამშაბათს ვაშინგტონი „ფორტუნასა“ და გემის მფლობელი კომპანია КВТ-Рус-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებს. გამოცემის მონაცემებით, აშშ-ის ხელისუფლებამ სხვა ევროპელი პარტნიორებიც გააფრთხილა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების თაობაზე, რომელიც ეყრდნობა CAATSA-ს (კანონს „ამერიკის მხრიდან მოწინააღმდეგის მიმართ სანქციებით საწინააღმდეგო ქმედების შესახებ“). ბერლინში ეს ზომები მიჩნეულია უკანონოდ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს სანაცვლოდ საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

აშშ-მა 2019 წლის დეკემბერში გაზსადენის წინააღმდეგ შემოიღეს სანქციები, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია Allseas-ი იძულებული იყო შეეჩერებინა მილების ჩაყრა.

2020 წლის დეკემბერში პროექტის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მ განაცხადა, რომ მილგამყვანმა „ფორტუნამ“ გერმანიის წყლებში გაზსადენის დაუსრულებელი მონაკვეთის გაყვანა დაიწყო.

1 იანვრიდან აშშ-ში მოქმედებს ახალი კანონი თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც რუსული გაზსადენის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც ტესტირების, ინსპექციის ან სერტიფიცირების მომსახურებით არიან დაკავებული. ნორვეგიულმა კომპანია DNV GL-მა უკვე განაცხადა, რომ წყვეტს გაზსადენის შემოწმებას და მის სერტიფიცირებას ვერ შეძლებს.

sputnik-georgia.com