საზოგადოება
ამერიკელი დიპლომატები ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

dep_usaდემოკრატიის საკითხებზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე თბილისში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოთხშაბათს დილით ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, საუბარი იქნება [საარჩევნო რეფორმაზე] მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც ჩიხში შეიყვანა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არის დიდი რესურსი, დიალოგის რესურსი იმისთვის, რომ მაისის ბოლომდე მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებებს, რაც შესაძლებელს გახდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლას“, – განაცხადა „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დაწყებამდე.

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის საკითხთან ერთად წამოწევდა მედიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერები, შესაბამისად, დავით უსუფაშვილი და დავით გამყრელიძე, ასევე, ესწრებიან შეხვედრას.

ეს პარტიები იმ რვა პარტიის ჯგუფში შედიან, რომლებიც შეთანხმდნენ, ერთიანი პოზიციიდან ესაუბრონ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე. ეს მოლაპარაკებები მარტის შემდეგ შეჩერებულია და მხარეები პროცესის ჩიხში შეყვანაში ურთიერთბრალდებებით გამოდიან. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე საკუთარი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე აშშ-ის დელეგაციის წევრები შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს: პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ თამარ ჩუგოშვილს, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურსა და მედიამკვლევარ ნინო დანელიას.