სამართალი
არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას გმობენ

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ და „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ რელიგიურ შეუწყნარებლობას“, „დისკრიმინაციასა“ და „დევნას“ გმობენ.

უფლებადამცველების განმცხადებით, სახელმწიფო განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ „უთანასწორო დამოკიდებულებას ავლენს“ და „ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს“.

მათივე თქმით, „მუსლიმი თემის მიერ სალოცავის მოწყობა და ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა“ და სახელმწიფო ვალდებულია, „ხელისშემშლელი ნებისმიერი ქმედება“ აღკვეთოს და ყველა შესაძლო პრევენციული ზომა მიიღოს.

„შემაშფოთებელია სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველო სახლის გახსნისა და ამ ნიადაგზე მუსლიმებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა. ყოვლად დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა იმის, გამო რომ მათ სურთ ლოცვა და სალოცავის ადგილის გახსნა“, – აცხადებენ რელიგიათა საბჭოში.

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები სამართალდამცველ ორგანოებს სოფელ ბუკნარში „რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის“ ეფექტიანი გამოძიებისა და სრულად აღკვეთისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ისინი ხელისფულებას თითოეული ადამიანის ლოცვის უფლებისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფას, ასევე ქვეყანაში „ტოლერანტული“ გარემოსა და „სოლიდარული თანაცხოვრების პირობების“ შექმნას სთხოვენ.

ბუკნარის ინციდენტს, ცოტა ხნის წინ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ქადაგებისას გამოთქმული „ანტისემიტური“ განცხადებები უძღოდა, რასაც საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის კრიტიკა მოჰყვა. მაშინ ისრაელის ელჩმა საქართველოს მთავრობას „სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლების“ დაგმობისკენ მოუწოდა. „ებრაელი ერისკენ მიმართული სიძულვილის რიტორიკა“ დღევანდელ განცხადებაში რელიგიათა საბჭომაც დაგმო.

ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის უთანხმოება თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ქრისტიანული თემის წარმომადგენლები სოფელში მეჩეთის მოწყობას ეწინააღმდეგებიან. 12 იანვარს რელიგიური ნიადაგზე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ბუკნარში მომხდარს ქვეყნის პირველი პირებიც გამოეხმაურნენ და რელიგიური შემწყნარებლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.