საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე გარკვეული ხარვეზები იყო, რის აღმოსაფხვრელადაც საჭიროა საარჩევნო რეფორმა. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ შეხვედრები ჰქონდათ მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, არასამთავრობო სექტორთან.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, გარკვეული იდეა აქვთ, რომ შედეგების დათვლა ელექტრონულად მოხდეს.

„არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში, როდესაც დადასტურდა, რომ გარკვეული ხარვეზები არჩევნებს თან ახლდა, ვთქვათ დისბალანსი ოქმებში, რაც გამოწვეული იყო მათ შორის ადამიანური ხარვეზებიდან გამომდინარე, ის, რომ დღემდე ბევრი ფურცელი ტრიალებს (ამ არჩევნებზე ორი მილიონი ბიულეტენი იყო, ათი ათასობით ოქმი შედგა), ეს ყველაფერი ხარვეზებს ვერ გამორიცხავს. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელი გზა და ჩვენი შეთავაზება სწორედ აქედან გამომდინარეობდა იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ოპოზიციასთან მიმდინარეობს. საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ჩვენ მოთელვითი შეხვედრები გვქონდა მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, არასამთავრობო სექტორთან, რა შესაძლებლობები არსებობს ამ კუთხით და გარკვეული იდეები გვაქვს, რომ შედეგების დათვლა ელექტრონულად იყოს.

ის იდეა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ შემდეგს უზრუნველყოფს: ერთი, არჩევნების შედეგებს ჩვენ გავიგებთ ფაქტობრივად, არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ამას საათები არ დასჭირდება, ავტომატურად მოხდება დათვლა. მეორე, სრულად გამოირიცხება ის, რომ არაუფლებამოსილმა პირმა სხვის მაგივრად მისცეს ხმა, რადგან ელექტრონული იდენტიფიცირება იქნება. ამავე დროს, სრულად გამოირიცხება ე.წ. დისბალანსები ოქმში, რადგან დათვლა ავტომატურად მიხდება. თან იმ პირობებში, რომ ფურცელიც დარჩება როგორც დოკუმენტი, თუკი ელექტრონულ შედეგებთან რამე პრეტენზია გვექნება. გადათვლა ყოველთვის შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: „აღნიშნული შეთავაზება ფასილიტატორებთან შეხვედრებზე იყო დაყენებული თუ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება მოლაპარაკების ნაწილი იყო.

ამასთან, პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს.

„ფაქტობრივად, მოსაზრებების თანხვედრაა ჩვენსა და ოპონენტებს შორის. აქ ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც ჩვენ წლებია, ვხედავთ ჩვენი ოპონენტების ნაწილისგან. იმ ნაწილისგან, რომლებსაც თავიდან სურდათ კონსტიტუციური რეფორმა, მათ შორის საარჩევნო კუთხით, პროპორციული სისტემის შემოღება და ბარიერის დაწევა, ბოლოს კი ამ რეფორმაში მონაწილეობა არ მიიღეს და ხმა არ მისცემს პარლამენტში. იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც რაღაც პრეტენზიებს აყენებს და ბოლოს თავად არ ხდება ამ ყველაფრის მონაწილე. ახლაც ამაზე გვაქვს საუბარი. საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ამბობენ, რომ ეს არის მათთვის სანუკვარი მიზანი და ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამის განხორციელების ერთადერთი გზა არსებობს, შემოვიდნენ პარლამენტში, მიიღონ მონაწილეობა როგორც ამ კანონპროექტების შემუშავებაში, ისე მათ მიღებაში.

იმედი მაქვს, ოპონენტების ნაწილი მაინც, ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევა. წინააღმდეგი არიან ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც აქამდეც იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმების შედეგად მიღებულ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მეორე, მესამე მოსმენაში არ მიიღეს მონაწილეობა. ამით პასუხისმგებლობას გაექცნენ და აქაც ვხედავთ, რომ ისინი პასუხისმგებლობას გაურბიან და თითქოს სხვა საკითხებს აყენებენ უფრო წინა პლანზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.